დღეს, 21 საათიდან რუსთაველზე საპროტესტო მსვლელობა გაიმართება. აქტივისტები კომენდანტის საათს გააპროტესტებენ - 28 ნოემბრიდან ამ დრომდე, 21:00 საათის შემდეგ გადაადგილება აკრძალულია.
ამასთან, დღეს ადმინისტრაცისთან შეკრებილმა მოქალაქეებმა ხელისუფლებას შეზღუდვების მოხსნისთვის 48-საათიანი ვადა მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სახელმწიფო შენობების პიკეტირება დააანონსეს.
მომდევნო აქცია სამშაბათს, 26 იანვარს გაიმართება.
დღევანდელ აქციაზე როგორც სამოქალაქო აქტივისტები, ისე პოლიტიკოსები და ბიზნესის წარმომადგენლები მივიდნენ.
მათ შორის რესტორნების ფედერაციის ხელმძღვანელი, შალვა ალავერდაშვილი.
მან ხელისუფლების ბოლო გადაწყვეტილებას შეზღუდვების ძალაში დატოვების და შემსუბუქების შესახებ კურიოზული უწოდა - საკოორდინაციო საბჭომ 1-ლი თებერვლიდან ბათუმში ღია კაფეების გახსნა დააანონსა, ზამთრის კურორტების გახსნა კი მარტამდე გადაიდო.
"ივნისისთვის რომ სათხილამურო საბაგიროები გაგვეხსნა, მთლად უკეთესი იქნებოდა, ამას რა ჯობია". - თქვა ალავერდაშვილმა. მისი თქმით, სხვა ქვეყნები მოქალაქეებს მოუწოდებენ, მაღალმთიან კურორტებზე წავიდნენ, ვინაიდან ახლა ყველაზე უსაფრთხო და კარგი სწორედ ესაა.
"როცა სხვა ქვეყნებს ვედრებით და ვამბობთ, რომ ინგლისში დაკეტილია - ინგლისში მოქალაქეებს ხელფასის 80% მაინც ერიცხებათ. არც ერთი ადამიანი იქნებოდა აქციაზე, ხელფასის 80% ანგარიშზე რომ ერიცხებოდეთ. ამიტომ არ შეიძლება ჩვენი ქვეყნის და განვითარებული ქვეყნების შედარება ამ კუთხით". - ამბობს ალავერდაშვილი.